ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი "საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ". როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.
რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ასევე, ამავე პუნქტში მოწოდებაა ევროპული საბჭოს მიმართ, განიხილონ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება.
რეზოლუციაში წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი შედგენილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთში 2012 წელს და ასევე, აღნიშნულია, რომ ეს კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს, გაზაფხულზე სცადა ამ კანონპროექტის მიღება, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე, იძულებული გახდა, რომ გაეწვია კანონპროექტი, რადგან არ სურდა საფრთხე შეჰქმნოდა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებს.
რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ახლაც, როგორც 2023 წელს, კანონმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი და ის საკამათოდ მიიჩნევა. ასევე, ტექსტში ნათქვამია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ კანონი, მიღების შემთხვევაში, მიმართული იქნება ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ამასთან, ნათქვამია, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი
1. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ქართული ოცნების მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი სულით შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს მინიმუმ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ ორ პუნქტს - პირველსა და მეცხრეს.
2. იწვევს განგაშს, რომ რუსული ტიპის უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება სერიოზულად დააზარალებს საქართველოს პროევროპულ გზას და თვლის, რომ სანამ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს სამართლებრივი დღის წესრიგის ნაწილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციისკენ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს. მიაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით, ხელისუფლების მიერ 2023 წელს აღებული საჯარო ვალდებულების დარღვევით, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია და საფრთხის ქვეშ დგება მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, რადგან კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, როგორზეცაა რუსეთის ფედერაცია და სხვა მისი თანამოაზრე ქვეყნები.
3. შეწუხებულია, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონი ძირს უთხრის დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მუშაობას, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ სუბიექტებს ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და მონიტორინგისთვის. აფრთხილებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეს შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში.
4. სჯერა, რომ ასეთი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს; ევროპარლამენტი დგას საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც ამ კანონპროექტს აპროტესტებს და მხარს უჭერს მათ მისწრაფებებს, იცხოვრონ აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად სცემს პატივს პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ მედიას და ღია საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს.
5. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მის სასარგებლოდ მისცემს ხმას. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარების წინაპირობად ამ კანონის გაუქმება აქციოს.
6. მიაჩნია, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შესაძლო უარყოფით შედეგების გათვალისწინებით, კომისიამ უნდა მოამზადოს შუალედური 9 ნაბიჯის განხორციელების შესახებ და წლიური ანგარიში, გამონაკლისის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს ოქტომბრის დასაწყისში.
7. მიმართავს პარტია ქართულ ოცნებას, თავი შეიკავოს უცხოური გავლენის აგენტების აქტის მიღებისგან და გააუქმოს ის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
8. ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი.
რეზოლუციის ავტორები ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატები არიან: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, იზაბელ ვიზელერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანდჟეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეს ხილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა, ეუჯენ ტომაკი.